English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ რუსუდან კვარაცხელია ლევან კიკილაშვილი
სოციალურ მეწარმეობის ბიზნეს ქეისი-უნიკალური ქართული თავსატეხებისა და საგანმანათლებლო სათამაშოების კონკურენტული უპირატესობები (კავკასიაში)

რეზიუმე

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის ოქტომბერში დაამტკიცა სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები. დამტკიცდა რამდენიმე სახის სახელმწიფო სტანდარტი, მათ შორის „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი“, რომლის თანახმადაც ბავშვის განვითარების სფერო, მისი ფიზიკური და სენსორული განვითარების დონე ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად აკონტროლებს და კოორდინირებულად იყენებს იგი სხეულის წვრილ კუნთებს. მათ შორის, აწყობს მარტივ ფაზლს, მარტივ სურათს ან მოზაიკას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ადამიანის განვითარების ინდექსი გაეროს მიერ აღიარებულია ადამიანური განვითარების განსაზღვრის სტანდარტულ საშუალებად. ინტელექტი განისაზღვრება არა მხოლოდ დაბადების მომენტიდან შეძენილი შესაძლებლობებით. ეს არის სწავლის და აზროვნების შემდგომი განვითარების შედეგი, გარედან მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და სინთეზის გზით. ჰორიზონტის მატებასთან ერთად, ვითარდება ადამიანის წარმოსახვა, მეხსიერების ვარჯიში კი ხორციელდება სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ინტელექტის და გონების განვითარების ერთ-ერთ ეფექტიან გზად მიიჩნევა თამაშები და აქტივობები, მათ შორის ეს არის სხვადასხვა სახის თავსატეხები და სამაგიდო თამაშები. ჩვენი პროექტი მოიცავს სწორედ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო-შემეცნებითი თავსატეხებისა და სამაგიდო თამაშების შექმნას სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის, როგორც სკოლამდელი აღზრდის და დაწყებითი კლასების, მაღალკლასელ მოსწავლეთა, ასევე სტუდენტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. თავსატეხები და თამაშები აგებულია სასწავლო საგნებზე და ზოგადი განათლების ელემენტებზე. იქმნება სოციალური საწარმო, რომელიც დაასაქმებს მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს, იზრუნებს როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე.

„ფაზლების“ ისტორია ორ საუკუნეზე მეტს ითვლის. მის მიმართ ინტერესს ადამიანები თანამედროვე ეპოქაშიც არ კარგავენ, როდესაც ინტერაქციული თამაშები საკმაოდ აქტუალურია. ნებისმიერი არაციფრული აქტივობა, რომელიც მარტივი შესასრულებელია, განკუთვნილია გასართობად და შესასრულებლად მოითხოვს შემეცნებით ძალისხმევას. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პრაქტიკული მიზანი, მთელი რიგი მათემატიკური ამოცანა შეიძლება ჩაითვალოს შემეცნებით სათამაშოდ, შემეცნებითად გასართობად, მათ შორის უძველესი ამოცანები. ბევრი თავსატეხი, რომელიც გამიზნულია შემეცნებითი აქტივობების უნარების გასავითარებლად, ითვალისწინებს პრობლემების კრეატიული გადაჭრის და რეფლექსიური მსჯელობის ელემენტებს, რაც შეიძლება დაფუძნებული იყოს კოგნიტიურ სათამაშოებზე. ადამიანები სიამოვნებით თამაშობენ შემეცნებითი სათამაშოებით, რასაც ადასტურებს სუდოკუს, გოს და და სხვა თამაშების პოპულარობა. ეს არ არის მხოლოდ უახლესი ფენომენი, არამედ ისტორიული ფაქტებია. ,,ფაზლი“ ერთ-ერთი საინტერესო სათამაშო, გასართობი, საგანმანათლებლო - შემეცნებითი ინსტრუმენტია თითქმის ყველა ასაკში. უპირველეს ყოვლისა, ავხსნათ „ფაზლის“ მნიშვნელობა. ინგლისური  puzzle არის სათამაშო „თავსატეხი“, იქნება ეს რებუსი (pictorial puzzle), ე.წ. „სუდოკუ“ თუ კროსვორდი (crossword puzzle). თავისი ძირითადი და თავდაპირველი მნიშვნელობით ეს სიტყვა „რთულ პრობლემას“, „გამოცანას“, „თავსატეხს“ ნიშნავს. აქედან წარმოებული სიტყვა puzzled „დაბნეულის“, „თავგზააბნეულის“, „განცვიფრებულის“ და სხვა მსგავსი მნიშვნელობით იხმარება. თამაში უკავშირდება ბევრ ფრაგმენტად დაშლილი გამოსახულების აწყობას. „ფაზლი“ არის „თავსატეხის“ თავისებური სახეობა, რომელსაც ინგლისურად სრულად jigsaw puzzle ან უბრალოდ jigsaw ეწოდება. „ფაზლი“ გართობასთან ერთად საგანმანათლებლო ფუნქციას იძენს, როდესაც მასზე გამოსახულია სხვადასხვა სახის, ღრმა შინაარსის მატარებელი ფიგურები, ფოტოები, ეპიზოდები თუ პეიზაჟები. აღნიშნული ფაქტორი მით უფრო ძლიერია, თუ თავსატეხებს თან ერთვის საინფორმაციო - შემეცნებითი ხასიათის ტექსტები.  განსხვავებულად მიწოდებული ისტორიული მოვლენები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, გეოგრაფიული საზღვრები, სხვადასხვა ენის გრამატიკული ნაწილი, მათემატიკის, ქიმიის თუ ფიზიკის ფორმულები, მხატვრული ლიტერატურის გმირები და ეპიზოდები, გამოჩენილ მოღვაწეთა ბიოგრაფიები, ხელოვნების ნიმუშები და უამრავი სხვა შემეცნებითი ხასიათის თავსატეხები საინტერესოა სხვადასხვა თაობის მომხმარებლისთვის. „ფაზლებით და სამაგიდო თამაშებით მიღებული ემოცია და შეგრძნებები ხელს უწყობს საგნისადმი ინტერესის გაღვივებას, ხალისიანად და თამაშ-თამაშით დიდი, ფასეული, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის მიღებას. ამრიგად, ნებისმიერი თამაშის მსვლელობისას ადამიანს უვითარდება გარკვეული შესაძლებლობები. ტვინის ვარჯიშის, მისი კონცენტრაციის, ყურადღების მიქცევის, ასევე შემდგომი მოქმედებების დაგეგმვის უნარის შესანიშნავი საშუალებაა  თავსატეხები და სამაგიდო თამაშები. მუდმივი აზროვნების პროცესის წყალობით, გონებრივი შესაძლებლობების გარდა, ვითარდება ინტუიციის უნარიც. კიდევ ერთი ეფექტური მეთოდია თამაშები ინტელექტისა და სივრცით-ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. თავსატეხები მოზრდილებში საინტერესო და ამაღელვებელია. მოზარდი ან ახალგაზრდა, ამა თუ იმ საგნის სასწავლო პროგრამის თავსატეხებით შესწავლის პროცესში გაცილებით მეტად იმახსოვრებს მოცემულ მასალას, ვინაიდან ცოდნა უკავშირდება გარკვეულ ემოციებს და დადებით შეგრძნებებს. ამრიგად, ჩვენი რეკომენდაციაა ბავშვი ადრეული ასაკიდან მიეჩვიოს სხვადასხვა სახის თავსატეხებს.

საკვანძო სიტყვები: ფაზლი, თავსატეხი, სამაგიდო თამაში, ანალიზი, სინთეზი.